ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 5 -  კისრისა და ზურგის ტვინის ტრავმები რაგბიში

ამ თავის მიზნები

  1. კისრის ანატომიის ცოდნის გუმჯობესება.
  2. ტრავმების მექანიზმების გაცნობა.
  3. კისრის სერიოზული დაზიანებათა მწვავე გართულებების გაცნობა.
  4. კისრის პოტენციური დაზიანების საუკეთესო მართვის შესწავლა.

 

ხერხემლის ძვლები

 

ხერხემლის მალები, ხრტილოვნი დისკები და ზურგის ტვინის არხი

 

ხერხემალი დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად - წელის (ლუმბალური), გულმკერდის (თორაკალური) და კისრის (ცერვიკალური) ნაწილებად.


ხერხემლისა თუ ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანებები რაგბიში ძალზედ იშვიათია. თუმცა, ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანებები შესაძლოა განვითარდეს და გამოიწვიოს პარალიზება, ინვალიდობა და ლეტალური გამოსავალიც კი.

 

ხერხემლის სვეტი შედგება მალებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მალთაშუა ხრტილოვანი დისკებით, რაც ამორტიზატორის როლს ასრულებს. ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის მენინგის გარს-შემოვლებულ არხში, რაც მოთავსებულია მალების სხეულებს უკან და გარშემორტყმულია ძვლოვანი მორჩებით, რომელთაც უმაგრდება კისრისა და ზურგის კუნთები. მალათა შორის ხვრელებში ზურგის ტვინიდან გამოდის მრავალი ნერვი.

 

ზურგის ტვინი

ზურგის ტვინი თავის ტვინის ფუძის ნაწილიდან იწყება და გრძელდება მთელი ხერხემლის გაყოლებაზე. იგი ატარებს ნებაყოფლობით სიგნალებს თავის ტვინიდან კუნთებამდე - ატყობინებს მათ როდის და როგორ უნდა შეასრულონ მოძრაობა. კანზე არსებული ნერვული დაბოლოებები უზრუნველყოფს თავის ტვინთან ინფორმაციის მიწოდებას შეხების, ტემპერატურისა და ტკივილის შესახებ. ზურგის ტვინი ასევე ატარებს ნერვულ იმპულსებს ავტონომიური ნერვული სისტემიდან, რაზეც ჩვენ ნაკლები კონტროლი გაგვაჩნია. ავტონომიური ნერვული სისტემა არეგულირებს პულსს, სისხლის წნევასა და საჭმლის მონელებას. ზურგის ტვინის ყველა დონეზე მალათა შორის გამოდის ნერვები, ნაწილდება მთელს სხეულში და აგროვებს ან აწვდის ინფორმაციას.

 

ტრავმების ანატომია

მალებმა შესაძლოა სერიოზული დაზიანება განიცადონ (მოტეხილობა ან დისლოკაცია, ანუ ამოვარდნილობა). ნაკლებად საშიში, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი დაზიანება შეიძლება განიცადონ დისკებმა. ისინი შესაძლოა გამოვარდნენ (პროლაფსირდნენ) ხერხემლის არხის მიმართულებით და მოახდინონ ზეწოლა ზურგის ტვინზე და მის ფესვებზე (ნერვებზე), რომელიც მიემართება ქვედა კიდურებისკენ და გამოვლინდეს “იშიაზის” კლასიკური ჭვალისებრი/დენის გავლის ნაირი ტკივილით. ასევე, შეიძლება მოხდეს ამ ნერვების დაბეჟილობა ან გადაჭიმვა (“წვა და ჩხვლეტები”), როცა ხდება თავის ძალისმიერი უცაბედი გადახრა ცალ მხარეს - მაგალითად, ბოჭვის დროს.

 

ხერხემლის კისრის ნაწილის (ცერვიკალური ხერხემლის) ტრავმები

 

ცერვიკალური ხერხემლის სერიოზული ტრავმები

  1. ხერხემლის მალების მოტეხილობა.
  2. ხერხემლის მალებისა და დისკების დისლოკაცია.
  3. მალთაშუა დისკის გამობურცვა ან პროლაფსი (თიაქარი), რამაც შეიძლება ზურგის ტვინის ან ნერვების კომპრესია გამოიწვიოს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა შესაძლოა ზურგის ტვინის გარდამავალი ან მუდმივი დაზიანება გამოიწვიოს.

ხერხემლის სვეტის მოტეხილობამ ან დისლოკაციამ შესაძლოა დააზიანოს ან არ დააზიანოს ზურგის ტვინი. ხერხემლის ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს ზურგის ტვინის სრულად “გაწყვეტა”, მისი ნაწილობრივი “გადაჭრა” ან უბრალოდ მოახდინოს მასზე ზეწოლა (კომპრესია). შეუძლებელია მსგავსი დაზიანებების დიფერენცირება სპეციალური სკანირების გარეშე. ასე რომ, ამგვარი დაზიანებების ადრეული სწორი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ზურგის ტვინის უკვე არსებული დაზიანების გართულება, ვინაიდან ამ საწყის ეტაპზე შესაძლოა რომ მარტივი კომპრესია გამოვლინდეს იგივე სიმპტომებით რაც ზურგის ტვინის სრული გადაკვეთა. თუმცა საავადმყოფოში ხერხემლის ძვლების ნორმალური მდებარეობის აღდგენისას დაზიანება შესაძლებელია სრულად ალადგეს.

 

ზურგის ტვინის დაზიანებათა გართულებები

  1. დაზიანებული მონაკვეთის ქვევით მგრძნობელობის დაკარგვა.
  2. დაზიანებული მონაკვეთის ქვევით მოძრაობის შეზღუდვა (დამბლა).
  3. სუნთქვის გართულება - გულმკერდის კუნთების დამბლის გამო.
  4. დაბალი წნევის გამო სისუსტისა და თავბრუსხვევის შეგრძნება (ავტონომიური ნერვული სისტემის პრობლემები).

ზურგის ტვინის დაზიანების შემთხვევაში დაშავებულს შესაძლოა გამოხატული ქონდეს ზურგის ტვინის ყველა ძირითადი ფუნქციის დარღვევა.  კერძოდ, მას შეიძლება აღენიშნებოდეს კისრის ტკივილი მაგრამ დაკარგოს მგრძნობელობისა და მოძრაობის უნარი ზურგის ტვინის დაზიანების დონის ქვევით. შესაძლოა მას განუვითარდეს გულმკერდის კუნთების პარალიზი, რაც განაპირობებს სუნთქვის გართულებას და შეაფერხებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას. დაშავებული შესაძლოა პანიკაში ჩავარდეს და ეცადოს ისუნთქოს გაძლიერებულად ნებისმიერი სხვა დაუზიანებელი კუნთის დახმარებით. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო მას შეიძლება აღენიშნებოდეს ლურჯი ელფერი ტუჩებზე (ციანოზი). ამ კომბინაციას ეწოდება ‘’რესპირატორული დისტრესი’’ (სუნთქვითი უკმარისობა). ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემა დაბალი წნევის სახით, ვინაიდან სისხლძარღვის კედლები დუნდება. ამან შესაძლოა რომ დაშავებულს განუვითაროს თავბრუსხვევა ან სულაც, ცნობიერების დაკარგვაც.

 

 

თამაშთან ასოცირებული ხერხემლის ტრავმის მექანიზმები

 

ხერხემლის კისრის (ცერვიკალური) ნაწილი

ნორმალურ ხერხემალს გააჩნია ბუნებრივი სიმრუდეები, რაც ჰგავს ხიდის თაღებს. ეს სიმრუდეები უზრუნველყოფს საყრდენს თავის სიმძიმის ასატანად. ტრავმის მექანიზმები, რაც განაპირობებს ზურგის ტვინის დაზიანებას, ხშირად დაკავშირებულია ამ სიმრუდეების გადასწორებასთან, რის გამოც ხერხემალი ნაკლებად გამძლე ხდება მასზე მიყენებული უცაბედი ძალების ზემოქმედების მოიმართ.

 

უეცარი მოხრა (ძალისმიერი ფლექსია)

კისრის უეცარმა მოხრამ შესაძლოა ცეერვიკალური ხერხემლის გადატვირთვა გამოიწვიოს და განაპირობოს ძვალთაშუა იოგების დაჭიმვა ან გაწყვეტა რაც მას არასტაბილურს ხდის. თანამედროვე რაგბის ერთერთი ტექნიკა, ბოჭვის დროს ჩაკუზვა თავის დახრითა და მხრების დაშვებით ბურთის დაცვის მიზნით (ducking), ერთ-ერთ პოტენციურად საშიშ მექანიზმს წარმოადგენდეს. ჩაქცეული შერკინებაც შეიძლება კისრის უეცარი მოხრის მიზეზი გახდეს.

 

ხერხემლის მოჭეჭყვა (ღერძული/აქსიალური კომპრესია)

ნებისმიერი ძალა რაც იწვევს კისრის ნადრეკების ძალისმიერ გასწორებას და ახორციელებს კომპრესიას ზევიდან ქვევით (ღერძული, აქსიალური დატვირთვა), როგორიცაა სიმაღლიდან თავის თხემზე დაცემა, შეუძლია გაზარდოს ხერხემლის ტრავმის რისკი. ამის მაგალითებია სიმაღლიდან დაცემული მოთამაშე, როგორც მაღალი ბურთის აღების მცდელობისას ან მოთამაშე რომელსაც თავით ანარცხებენ მიწაზე შუბური ბოჭვის დროს, ანდა ჩაქცეული შერკინების დროს.

მოხრა და მოტრიალება (ფლექსია როტაციით)

ნებისმიერმა მოძრაობამ რაც მოიცავს კისრის წინ მოხრას ან უკან გადახრას ბრუნვითი მოძრაობის დართვით, შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის, სახსრის ან დისკის დაზიანება. ეს ხშირად შერკინებასთან დაკავშირებული მექანიზმითაა გამოწვეული

დაშავებული მოთამაშე ცნობიერების დაკარგვისას ან ხერხემლის პოტენციური ტრავმირებისას შესაძლოა ნებისმიერ პოზიციაში დაეცეს ან გადაბრუნდეს: პირაღმა, პირქვე ან გვერდულად. შეიძლება შეძლოს თავის მოძრაობა და სიარულიც კი, თუმცა მაინც აღენიშნებოდეთ ისეთი სიმპტომები, რაც კისრის სერიოზულ დაზიანებაზე მიუთითებს.

 

ხერხემლის წელის (ლუმბალური) ნაწილი

წელის არეში ძვლოვანი ან ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანებები ბევრად უფრო იშვიათია ვიდრე ცერვიკალურ ნაწილში, მაგრამ მალთაშუა დისკების დაზიანება ან მალთაშუა მცირე სახსრების იოგების ღრძობა შესაძლოა განვითარდეს. ლუმბალური ტრავმები უფრო ხშირად ვარჯიშის დროს ვითარდება. 

 

ისევე, როგორც ცერვიკალური ნაწილის ტრავმისას, თავის წინ ან უკან მოძრაობამ თანდართულ როტაციასთან ერთად შესაძლოა დააზიანოს მალთაშუა დისკი, გამოიწვიოს მისი გამოვარდნა (პროლაფსი) და მოახდინოს კიდურებისკენ მიმავალ ნერვებზე ზეწოლა, რაც განაპირობებს დენის გავლისმაგვარ/ჭვალისებურ ტკივილებს ქვედა კიდურებში.

კისრის ტრავმები

 

კისრის სერიოზული ტრავმის ამოცნობა

სერიოზული დაზიანების მსუბუქისგან დიფერენცირება შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. ის ვინც უგონო მდგომარეობაშია ვერ გეტყვის აქვს თუ არა კისრის ტკივილი ან სისუსტე, ამიტომ უნდა ჩაითვალოს რომ მას აქვს ხერხემლის მძიმე ტრავმა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება. მართვის დაწყება უნდა მოხდეს მანუალური ხაზოვანი სტაბილიზებით (MILS), რათა შეიზღუდოს თავისა და კისრის მომდევნო გამოძრავება.


თუ ტრავმირებული აღნიშნავს კისრის ტკივილს და აცხადებს რომ ვერ გრძნობს ან ვერ ამოძრავებს ფეხებს, მაშინ დაზიანება აშკარაა. თუმცა, ლავიწის ძვლის ზემოთ არსებულმა ტრავმამ ყოველთვის უნდა გაფიქრებინოს რომ ეს შესაძლოა იყოს კისრის მძიმე დაზიანება და თუ ჭოჭმანობ, მაშინ ყველაზე უსაფრთხო მიდგომაა მართო ისე, თითქოს საქმე გქონდეს ხერხემლის ტრავმასთან.

ვის უნდა მივუდგეთ, ისე თითქოს ჰქონდეს კისრის მძიმე ტრავმა?

  1. ყველას ვისაც ცნობიერება აქვს დაკარგული.
  2. ყველას ვინც ტრავმა ლავიწის ზემოთ მიიღო.
  3. ყველას ვისაც აღენიშნება ტკივილი კისრის არეში.
  4. ყველას ვისაც აღენიშნება მოძრაობის უნარის დაკარგვა კიდურებში და/ან სუნთქვის გართულება.
  5. ყველას ვის მდგომარეობშიც არ ხარ დარწმუნებული!

 

კისრის პოტენციურად სერიოზული დაზიანების მართვა

  1. ხელში აიღეთ კონტროლის სადავეები.
  2. მიუდექით მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაციით (MILS).
  3. შეაფასეთ DR ABC.
  4. გამოიძახეთ დახმარება.
  5. არ გაანძრიოთ დაშავებული თუ ამის აბსოლუტური აუციებლობა არ არსებობს (მაგალითად, აქვს დახშული სასუნთქი გზები ან არ სუნთქავს). 
  6. შეუნარჩუნეთ სითბო და დაელოდეთ დახმარებას.
  7. შეაფასეთ ხელახლა.

რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა შიშს იწვევდეს ნებისმიერ ჩართულ პირში, მაგრამ კისრის ტრავმის მართვის პრიორიტეტები იგივე რჩება რაც ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობისას და უნდა იმართოს DR ABC და MILS გამოყენებით. თუ ტრავმირებულის სასუნთქი გზები ღიაა და შეუძლია სუნთქვა, მაშინ მისი გამოძრავება არაა საჭირო. დაიცავით მისი კისერი MILS-ით და დარწმუნდით რომ დახმარება უკვე გზაშია. ღია სასუნთქი გზები და სუნთქვა აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ამათ გარეშე დაშავებული დაიღუპება. ხერხემლის ტრავმის შემთხვევაში დაშავებულის განძრევა არ შეიძლება. თუმცა, თუ შეუძლებელია იმის დაზუსტებით დადგენა რომ დაშავებულის სასუნთქი გზები ღიაა და სუნთქავს, საჭიროა მისი გადაბრუნება. უმარტივესი გზაა, საგანგებო გადატრიალების გამოყენება.

 

მანუალური ხაზოვანი სტაბილიზება (MILS)

შეუძლებელია იმის დიფერენცირება რომ ზურგის ტვინმა განიცადა მუდმივი დაზიანება თუ მხოლოდ დროებითი კომპრესია კისრის არეში ძვლოვანი დაზიანების გამო. ამგვარად მნიშვნელოვანია რომ თავი და კისერი რაც შეიძლება ნაკლებად გავამოძრაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმის გაუარესება. ამის ვაკეთებთ ყველა არასაჭირო მოძრაობების თავიდან აცილებით და თავისა და კისრის დაცვას MILS-ით.


მნემონიკური ასოციაცია MILS არის აღიარებული მიდგომა თავისა და კისრის დასაცავად ხერხემლის ტრავმის დროს. იგი ასევე ცნობილია როგორც “ტრავმული ხელის ჩამორთმევა”. გარდა იმისა, რომ ამ მოქმედებით მოთამაშეს ხელს ვუშლით თავის გამოძრავებაში, იგი ასევე გვევლინება როგორც “წითელი დროშა” სხვებისთვის, რათა იყვნენ ფრთხილად ტრავმირებულის კისრის მიმართ და გარკვეულწილად იცავს მას გარშემომყოფთა შემთხვევითი კონტაქტისგან.

MILS-ის მიზანი

  1. ხელი შეუშალოს დაშავებულს თავის განძრევაში.
  2. დაიცვას თავი და კისერი შემთხვევითი კონტაქტისგან დახმარების გაწევის დროს.
  3. “წითელი დროშაა” გარშემომყოფებისთვის და მათ აცნობებს კისრის არეში პრობლემის არსებობის შესახებ.

თუ MILS ვიხმარეთ, იგი აღარ უნდა მოიხსნას.

იმ შემთხვევაში, თუ ერთადერთი გამოცდილი მაშველი ხართ და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წამოიწევა წინ, ისეთი როგორიცაა სასუნთქი გზების პრობლემა ან დიდი სისხლდენა, მაშინ მისაღებია რომ ნაკლებად გამოცდილი პიროვნებას ვანდოთ MILS ან დროებით შევწყვიტოთ ფიქსირება.

მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაცია (MILS)

უნარი 4

მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაცია (MILS)

  1. ჩაიმუხლეთ ან დაწექით ტრავმირებულის თავის უკან.
  2. მოათავსეთ ხელები თავის ორივე მხარეს.
  3. ეცადეთ სრულად არ დაუფაროთ ყურები.
  4. განაგრძეთ DR ABC შეფასება.
  5. მიუთითეთ მოთამაშეს, რომ თავი არ გაამოძრაოს.

 

ტრავმირებული მოთამაშის გადაადგილება

უნდა გადავაადგილოთ თუ არა ტრავმირებული?

ამ კითხვაზე ზოგადი პასუხია - არა! მოერიდეთ მოთამაშის გადაადგილებას სანამ უფრო გამოცდილი დახმარება მოვიდოდეს. თუმცა, არსებობს რამდენიმე გარემოება, როცა შესაძლოა დაგვჭირდეს დაშავებულის გადაადგილება. ეს შემთხვევები განხილულია ქვემოთ.

ამინდი

სპორტში იშვიათია რომ ამინდმა საფრთხე შეუქმნას სპორტსმენს. თუმცა, არსებობს ისეთი ექსტრემალური ამინდი, როგორიცაა ელვა, ძლიერი წვიმა ან გარემოს ტემპერატურა, შეიძლება დაშავებული სპორტსმენი რისკის ქვეშ დააყენოს. თბილი პლედი ან ქოლგა შესაძლოა დაგვეხმაროს პაციენტის სითბოს შენარჩუნებაში სანამ დახმარებას ველოდებით. თუ არ თვლით, რომ დაშავებული სერიოზული რისკის ქვეშაა, იგი არ უნდა გადააადგილოთ.

მნიშვნელოვანია დაშავებულს შევუნარჩუნოთ სითბო და სიმშრალე ექსტრემალური ამინდის პირობებში, როგორიცაა მაგალითად წვიმა

 

ABC-ის არაადექვატური შეფასება

შეგიძლია დარწმუნდეთ, რომ სასუნთქი გზები გამავალია, სუნთქვა ნორმალური და მშვიდი და სუნთქვას ადექვატური რესპირატორული ძალისხმევა სჭირდება? თუ არა, მაშინ ამაში დასარწმუნებლად დაშავებული უკეთეს პოზიციაში უნდა მოათავსოთ.


უგონო მდგომარეობისას, სასუნთქი გზები შესაძლოა დაიბლოკოს რბილი ქსოვილებით, თავისა და კისრის პოზიციის გამო, მაგალითად როცა თავი წინაა დახრილი ანდა აღინიშნება სისხლდენა სახის ტრავმის გამო. სანამ სასუნთქი გზები დახშულია, ჟანგბადი არ აღწევს ფილტვებამდე და სპორტსმენი შესაძლოა დაიღუპოს. შეიძლება პირქვე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის მოდუნებული ენა სიმძიმის ძალით ქვევით დაეშვას და არ დაახშოს სასუნთქი გზები. შესაბამისად ამ დროს სპორტსმენი არ უნდა გადავაბრუნოთ. მაგრამ თუ დაშავებულის სახე ძლიერადაა მიჭერილი მიწაზე, შესაძლოა ენა პირიქით უკან გადაადგილდეს და დაახშოს სასუნთქი გზები. შეაფასეთ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად, მანამ სანამ გადავწყვეტდე დაშავებულის გადაადგილებას.

 

სასუნთქი გზების შეფასება უფრო ფართოდაა აღწერილი მისთვის მიძღვნილ თავში.

 

ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად გამოწვეული სასუნთქი კუნთების დამბლას მივყავართ არაეფექტურ სუნთქვამდე, რაც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და მომდევნო ცნობიერების დაკარგვას და გულის გაჩერებას. თუ არაეფექტური სუნთქვა დროულად არ იქნა იდენტიფიცირებული და გამოსწორებული, დაშავებული შესაძლოა დაიღუპოს.


თუ DR ABC შეფასება არადამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ გესაჭიროებათ გააუმჯობესოთ სასუნთქი გზების გამავლობა, დასაშვებია დაშავებულის პოზიციის შეცვლა რათა შეძლო ამის განხორციელება. ეს შესაძლოა იყოს გადაუდებელი გადაბრუნება, რათა გამოიყენო სასუნთქი გზების მანებრები, როგორიცაა ქვედა ყბის გამოწევა, ან მოათავსო დაშავებული ისეთ პოზიციაში რომ სისხლი ან პირნაღები მასა თავისუფლად გადმოედინოს სასუნთქი გზებიდან.

 

ხელში აიღეთ კონტროლი და გადაადგილეთ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში

მედიაში ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ სხვა მოთამაშეები ან მსაჯები დაშავებულის ნაჩქარევად გვერდზე გადაბრუნებას. ეს არ არის საჭირო და შესაძლოა ხერხემლის ტრავმა კიდევ უფრო დაამძიმოს. აუცილებელია კონტროლის საკუთარ თავზე აღება და ამ ქმედების პრევენცია, სანამ DR ABC შეფასება არ ჩატარდება. მოთამაშეები შეიძლება პანიკაში ჩავარდნენ და წარმოადგინონ დამატებით საფრთხე. აიღეთ კონტროლის სადავეები ხელში, და არ დაუშვათ რომ სხვები ჩაგერიონ.

 

სხვადასხვა შესაძლებლობების ცოდნა

დაშავებულის გადაბრუნება ყოველთვის რისკთანაა ასოცირებული. ნებისმიერმა მოძრაობამ გამტარი სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა შესაძლოა გამოიწვიოს; შეიძლება დაამძიმოს ზურგის ტვინის ტრვმა ან გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენისა და შოკის საფრთხე. აღდგენის პოზიცია, ზოგადად კარგია ღია სასუნთქი გზების შესანარჩუნებლად, თუმცა თავის ასეთ პოზიციაში ყოფნა არ არის იდეალური ხერხემლის შესაძლო ტრავმის დროს, რომელის დროსაც უმჯობესია ზურგზე წოლა, MILS და ქვედა ყბის ნაზად ამოქაჩვა. რამდენიმე არჩევანის ქონა, 2-3 სხვადასხვა პოზიციისა და მანევრის ცოდნა გამოგვადგება, თუ რომელიმე მათგანი კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციას გაართულებს.

HAINES მანევრი

HAINES ნიშნავს “high arm in endangered spine” (მაღლა მკლავი

დაზიანებული ხერხემლის დროს). ეს მანევრი ეხმარება მარტოდ მყოფ მაშველს, რომ დაიცვას დაშავებულის კისერი მისი გვერდზე გადაბრუნებისას. იგი ეფექტურად იყენებს დაშავებულის მკლავს მისივე თავ-კისრის საყრდენად, რათა გადაბრუნების დროს სიმძიმის ძალით არ ჩამოვარდეს.

 

ეს შესაძლოა გამოვიყენოთ მომდევნო სიტუაციებში:

  1. საგანგებო გადაბრუნება, მაგალითად როცა დაშავებულის გადატრიალება აუციელებელია სასუნთქი გზების შეფასების ან მისი გამტარობის აღსადგენად.
  2. აღდგენის პოზიცია

ვინაიდან დაშავებული შესაძლოა იყოს პირდაღმა, პირაღმა ანდა სხვა უჩვეულო პოზიციაში, გადაბრუნების მიმართულება შეიძლება იცვლებოდეს. მაგალითად:

  • თუ პირდაღმაა, მაშინ ალბათ უფრო ადილი იქნება მისი ზევით თქვენსკენ ამოწევა.
  • თუ პირაღმაა და აღებინებს, უმჯობესია თქვენგან მოპირდაპირე მხარეს გადავაბრუნოთ (რათა პირნაღები მასით არ დაისვაროთ).
  • თუ პირაღმაა და ცდილობთ მის აღდგენის პოზიციაში გადაბრუნებას, უმჯობესია სახით თქვენსკენ გადმოაბრუნოთ.

 

HAINES საგანგებო გადაბრუნება

 

უნარი 5

HAINES საგანგებო გადაბრუნება (პირდაღმა ყოფნისას)

  1. შევწყვიტეთ
  2. ჩაიმუხლეთ დაშავებულთან ზურგის ზედა ნაწილის დონეზე.
  3. თქვენსკენ მდებარე მკლავი თავის გასწვრივ აუწიეთ.
  4. მოათავსეთ თქვენი ხელი თავის დასაყრდნობად.
  5. მეორე ხელი მოათავსეთ დაშავებულის საპირისპირო თეძოს ან მხრის ზედა ნაწილზე.
  6. თავი დაუფიქსირეთ, სანამ თეძოს თქვენსკენ გამოქაჩავთ და გადმოაბრუნებთ დაშავებულს გვერდზე, შემდეგ კი ზურგზე.
  7. ხელმეორედ შეამოწმეთ DR ABC, გაითვალისწინეთ MILS-ის და სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენის მანევრების ჩავატარება.
  8. საჭიროებისამებრ მოუხმეთ დახმარებას.

 

უნარი 6

HAINES საგანგებო გადაბრუნება (პირაღმა ყოფნისას და სასუნთქი გზების კომპრომეტირებისას - ღებინება)

  1. შეწყვიტეთ
  2. ჩაიმუხლეთ დაშავებულთან ზურგის ზედა ნაწილის დონეზე.
  3. საპირისპირო ხელი აუწიეთ თავის გასწვრივ.
  4. მისი მეორე ხელი მოუთავსეთ გულმკერდზე.
  5. მოათავსეთ თქვენი ხელი თავის დასაყრდნობად.
  6. მეორე ხელი მოკიდეთ თქვენსკენ მდებარე თეძოზე ან მხარზე.
  7. თავი დაუფიქსირეთ სანამ დაშავებულს თქვენგან საპირისპირო გვერდზე გადააბრუნებთ. ტანი თქვენი მუხლით დაუფიქსირეთ და აღუდგინეთ სასუნთქი გზების გამავლობა.
  8. ხელმეორედ შეამოწმეთ DR ABC, გაითვალისწინეთ MILS-ის და სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენის მანევრების ჩავატარება.
  9. საჭიროებისამებრ მოუხმეთ დახმარებას

HAINES საგანგებო გადაბრუნება (მაშველისგან საპირისპირო მხარეს გადაბრუნება სასუნთქი გზების გახსნის მიზნით)

უნარი 7

HAINES აღდგენის პოზიცია (პირაღმა)

  1. შევწყვიტეთ
  2. ჩაიმუხლეთ დაშავებულთან ზურგის ზედა ნაწილის დონეზე.
  3. აუწიეთ თქვენსკენ მდებარე მკლავი თავის გასწვრივ.
  4. მოუხარეთ საპირისპირო მუხლი რათა ბერკეტის როლი შეასრულოს.
  5. მოათავსეთ თქვენი ხელი თავის დასაყრდნობად.
  6. მოათავსეთ მეორე ხელი მოპირდაპირე მოხრილ მუხლზე.
  7. თავი დაუფიქსირეთ სანამ მუხლს თქვენსკენ გადმოქაჩავთ და დაშავებულს გვერდზე გადმოაბრუნებთ.
  8. მოხრილი მუხლი და ზემოთ მდებარე მკლავი გამოიყენეთ დაშავებულის გვერდულ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად.
  9. ხელმეორედ შეამოწმეთ DR ABC, გაითვალისწინეთ MILS-ის და სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენის მანევრების ჩავატარება.
  10. საჭიროებისამებრ მოუხმეთ დახმარებას

კონტროლირებული მორისებრი გადაბრუნება

თუ რამდენიმე მაშველი მოიძიება, მაშინ უმჯობესია გამოვიყენოთ მეტად კონტროლირებული გადაბრუნება იმ დაშავებულისთვის ვინც მართალია სუნთქავს მაგრამ არა ხართ დარწმუნებული რომ მისი სასუნთქი გზები სრულად გამავალია და მისი სუნთქვა ნორმალურია. ამგვარად, დაშავებულს გადაბრუნებთ, უფრო დეტალური საგანგებო DR ABC შეფასების ჩასატარებლად. ამგვარ გადაბრუნებას სჭირდება სულ მცირე სამი მაშველი, იდეალურ შემთხვევაში - ოთხი, განსაკუთრებით თუ დაშავებული ძალიან მაღალი ან მძიმეა. ეს მოითხოვს მკაფიო დირექტივებს ლიდერი მაშველისგან.

 

უნარი 8

კონტროლირებული მორისებრი გადაბრუნება

  1. მთავარი მაშველი თავთან ახორციელებს MILS-ს (თუ დაშავებული პირქვეა, მაშინ გადაჯვარედინებული ხელებით).
  2. ყველაზე მღალი მაშველი დაშავებულის ზურგის ზედა ნაწილის დონეზე თავსდება.
  3. საშუალო მაშველი თეძოსთან.
  4. ყველაზე დაბალი მაშველი ბარძაყებთან.
  5. ტექნიკა: “3 ხელი ზემოდან, 3 ხელი ქვემოდან”.
  6. მაშველთა ლიდერისგან გაიცემა მკაფიო ბრძანებები - “მოემზადეთ გადაბრუნებისთვის, და გადააბრუნეთ”.
  7. ბრძანებაზე, მაშველისკენ გადაბრუნება და შემდეგ დაშავებულის ზურგზე.

გაიმეორეთ DR ABC შეფასება და შეინარჩუნეთ MILS. თუ დაშავებული უგონოდაა, გაითვალისწინეთ ქვედა ყბის გამოქაჩვა.

კონტროლირებული მორისებრი გადაბრუნება

 

მოხეტიალე სპორტსმენი მტკივნეული კისრით ან მკლავებში ჩხვლეტის შეგრძნებით

ზოგჯერ შესაძლებელია, რომ მოთამაშემ მიიღოს კისრის ძლიერი ტრავმა მატჩის დროს და შემდგომ წამოდგეს და იაროს. მას შეუძლია მიუახლოვდეს პირით ხაზს ან მოგვიანებით აღნიშნოს კისრის ტკივილი ან ელვისებრი ტკივილი მკლავებსა და ფეხებში.

 

ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია დიდი და მცირე ტრავმების დიფერენცირება. ტრავმირებულს უნდა მოექცეთ ისე, თითქოს მას ჰქონდეს სერიოზული ტრავმა ზურგის ტვინის კომპრესიით. იგი ძალიან ფრთხილად და რაც შეიძლება მცირედ უნდა გადააადგილოთ. დასვით ფრთხილად და თავ-კისერი MILS-ით დაუფიქსირეთ. ჩაუტაროთ DR ABC შეფასება და უზრუნველყავით უფრო გამოცდილი სამედიცინო დახმარების გამოძახება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf