ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 4 - ტრავმირებული სპორტსმენის სასუნთქი გზების მართვა

ამ თავის მიზნები

  1. სასუნთქი გზების საბაზისო ანატომიის გაცნობა.
  2. ღია სასუნთქი გზების უზრუნველყოფის აუცილებლობის შეცნობა.
  3. სრულად და ნაწილობრივ დახშული სასუნთქი გზების დიფერენციაციის შესწავლა.
  4. საჰაერო გზების გასახსნელად ძირითადი მანევრების გაცნობა: ქვედა ყბის გამოწევა, თავის უკან გადაწევა და ნიკაპის აწევა.
  5. სისხლითა და პირნაღები მასით სავსე საჰაერო გზების შემთხვევაში დაშავებულის გვერდზე სასწრაფოდ გადაბრუნების აუცილებლობის შეცნება.

 

 

შესავალი

სასუნთქ გზებში იგულისხმება მთელი გზა, დაწყებული პირიდან და ცხვირიდან, ენის ზედა არე, ყელი (ხახა), ხმოვანი აპარატი (ხორხი) და ქვედა საჰაერო გზები (ტრაქეა და ბრონქები). სასუნთქი გზების გამტარობა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა, რადგან მისი დახშობის შემთხვევაში ორგანიზმს არ მიეწოდება საჭირო ჟანგბადი და ვერ თავისუფლდება ნარჩენი ნახშიროჟანგისგან. ასე რომ, რადგანაც დახშულმა სასუნთქმა გზებმა ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, უაღრსეად მნიშვნელოვანია მისი გამავლობის უზრუნველყოფა ნებისმიერ დაშავებულში.

 

სასუნთქი გზები ღიად ითვლება, თუ სუნთქვა თავისუფალია, ანუ როცა ჰაერი ცხვირიდან და პირიდან თავისუფლად და ჩუმად აღწევს ფილტვებამდე და იქიდანაც დაუბრკოლებლად გამოთავისუფლდება.

სასუნთქი გზები შესაძლოა იყოს:

  1. ღია
  2. ნაწილობრივ დახშული
  3. სრულად დახშული

სასუნთქი გზების ობსტრუქცია (დახშობა) შესაძლოა მოხდეს რბილი ქსოვილებით (ენა), უცხო სხეულებით (ჩამტვრეული კბილები), სისხლით ან პირნაღები მასით ან თავად სასუნთქი გზის დაზიანებით, მაგალითად ხორხის დაზიანებით.

ადამიანის ხახა და ხორხი

სასუნთქ გზებზე დაკვირვება

სასუნთქი გზების დათვალიერებითა და მოსმენით ბევრი ინფორმაციის შეგროვება შეიძლება. თუ დაშავებული ნორმალურად გვესაუბრება, ნიშნავს რომ სასუნთქი გზები გამავალია და შეიძლება გადავიდეთ მეორე საფეხურზე, ანუ B-ზე (Breathing - სუნთქვა). მაგრამ თუ დაშავებული არ საუბრობს, მაშინ პირიდან ამომავალი ხმების მოსმენას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

სრულად ან ნაწილობრივ დახშული სასუნთქი გზების მართვა

სრულად ან ნაწილობრივ დახშული სასუნთქი გზების შემთხვევაში საჭიროა, რომ დახმარების აღმომჩენი ეცადოს გახსნას სასუნთქი გზები. არსებობს ამის ორი კარგად აღწერილი ხერხი.

1. ყბის გამოწევა

ენა მყარადაა მიმაგრებული ქვედა ყბაზე. ასე რომ, თუ სასუნთქი გზები დახშულია, ყბის წინ გამოწევა განაპირობებს ენის წინ გადაადგილებასაც და ყელის (ხახის) გათავისუფლებას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის თავისუფალ მიმოსვლას სასუნთქ გზებში. ეს ტექნიკა თავის ან კისრის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება, რადგან იწვევს კისრის ძალიან მცირე მოძრაობას.

ყბის გამოწევის ტექნიკა სასუნთქი გზების გასახსნელად

უნარი 1

სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა ქვედა ყბის წინ გამოწევის პროცედურით

  1. ჩაიმუხლეთ დაშავებულის თავთან და დაუფიქსირეთ თავი მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაციით (MILS) (ნახეთ მოგვიანებით).
  2. ორივე ცერა თითი მოათავსეთ დაშავებულის ყვრიმალის ძვლებზე.
  3. მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ქვედა ყბის ძვლის კუთხის უკან.
  4. ნაზად გამოსწიეთ ქვედა ყბა წინ ისე, რომ მინიმალურად გამოძრავდეს თავი და კისერი.
  5. ხელახლა შეაფასეთ პაციენტი სასუნთქი გზების მოსმენით.
  6. თუ ხელს გაუშვებთ, სასუნთქი გზები კვლავ დაიხშობა.

 

2. თავის უკან გადაწევა/ ნიკაპის აწევა

სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენის კიდევ ერთი ტექნიკა ცნობილია როგორც თავის უკან გადაწევა და ნიკაპის აწევა, რაც ეყრდნობა ენის ყელთან (ხახასთან) მიმართებაში მდებარეობას. თავის უკან გადაწევითა და ნიკაპის წინ და ზევით აწევით, ენა ეფექტურად სცილდება ხახას, რითაც აღდგება სასუნთქი გზების გამავლობა. თუმცა ეს ტექნიკა გულისხმობს კისრის მნიშვნელოვან მოძრაობას, რის გამოც მისი გამოყენება რაგბიში თავისა და კისრის ტრავმის დროს არაა რეკომენდირებული. 

თავის უკან გადაწევა და ნიკაპის აწევის მანევრი სასუნთქი გზების გასახსნელად (არ იხმაროთ ეს მეთოდი თავის ან კისრის ტრავმის დროს)

 

უნარი 2

სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა. თავის უკან გადაწევა / ნიკაპის აწევა (არა იმ შემთხვევაში თუ ეჭვი გაქვთ თავისა და კისრის ტრავმაზე).

  1. ჩაიმუხლეთ დაშავებულის თავისა და კისრის გვერდით.
  2. ერთი ხელი მოათავსეთ დაშავებულის შუბლზე.
  3. მეორე ხელის ორი თითი მოათავსეთ დაშავებულის ნიკაპის ქვეშ.
  4. წამოწიეთ ნიკაპი შუბლის სტაბილიზების პარალელურად - ანუ თავი გადაუწიეთ უკან.
  5. ჩახედეთ პირში და შეაფასეთ სასუნთქი გზების ხმა.

ენის დაჭერის მიზნით პირში ხელის ჩაყოფა არ არის რეკომენდირებული, ეს ვერ უზრუნველყოფს ჰაერის გამავლობის აღდგენას და შესაძლოა სიტუაციაა დაამძიმოს კიდეც. ეს არ გააკეთო!

 

სისხლით ან პირნაღები მასით ნაწილობრივ დახშული სასუნთქი გზები

ყელში ჩაგროვებული თხევადი მასის ეფექტური გამოთავისუფლება მხოლოდ დაშავებულის გვერდზე გადაბრუნებითაა შესაძლებელი, რათა ამ დროს სითხე თავისივე სიმძიმის ძალით გადმოედინოს. ვინაიდან სასუნთქი გზების ობსტრუქციით (დახშულობით)  დაშავებული უსათუოდ დაიღუპება,  სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა წარმოადგენს აბსოლუტურ პრიორიტეტს ნებისმიერი პოტენციური კისრის ტრავმის მიუხედავად.

 

ამგვარად, არ უნდა დააყოვნოთ მოთამაშის გვერდზე გადაბრუნება, თუ გესმით ხროტინი/ბუყბუყი თვალით შესამჩნევი სისხლს ან პირნაღებ მასის გამო. თუ ეს სითხე უფრო ღრმად, ფილტვებამდე ჩავა, მოგვიანებით ეტაპზე გამოიწვევს სუნთქვის სხვა პრობლემებს.

 

იდეალურ შემთხვევაში, დაშავებულის გადასაბრუნებლად ჩართული უნდა იყოს ოთხი ადამიანი, მაგრამ მარტო მყოფ მაშველსაც შეუძლია დაშავებული გვერდზე გადააბრუნოს სითხის დრენირების უზრუნველსაყოფად ან თუნდაც გამოიყენოს მანევრი სახელად HAINES (High Arm In Endangered Spine - მაღლა მკლავი დაზიანებული ხერხემლის დროს). ეს არის ტრადიციული გადაბრუნების მანევრის მოდიფიკაცია რაც კისრის ნაკლებ ლატერალურ გადახრას მოიცავს. უფრო დეტალურად მისი ნახვა ზურგის ტვინის ტრავმების თავშია შესაძლებელი.

როცა აღდგება სასუნთქი გზების გამავლობა, ანუ შესრულებულია DR ABC-ს A საფეხური, უკვე შეიძლება მეორე საფეხურის B (Breathing - სუნთქვა) უფრო დეტალური შემოწმება.

HAINES სტილის საგანგებო გადაბრუნების მანევრი პირღებინები მასით საქაერო გზების დახშობის დროს

უნარი 3

HAINES სტილის საგანგებო გადაბრუნების მანევრი

  1. მოათავსეთ დაშავებულის თქვენთან ახლომდებარე ხელი მისსავე გულმკერდზე.
  2. ასწიეთ დაშავებულის მეორე მკლავი თავის გასწვრივ.
  3. მოათავსეთ თქვენი ხელი დაშავებულის თავქვეშ.
  4. თქვენი მეორე ხელი მოათავსეთ დაშავებულის უახლოეს მხარზე/მკლავზე.
  5. დაუჭირეთ თავი, გადააბრუნეთ დაშავებული თქვენგან საწინააღმდეგო მხარეს და თავი უკან გადმოუწიეთ.
  6. დაელოდეთ სითხის თავისუფალ დრენირებას სიმძიმის ძალით.
  7. დააბრუნეთ მოთამაშე საწყის პოზიციაში.
  8. ხელახლა შეაფასე სასუნთქი გზები.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf